14 აგვისტო 2020,   19:11
ვრცლად
საფრანგეთში მუსიკოსებმა საუკეთესო გამოსავალი იპოვეს და კონცერტების გამართვა პირდაპირ წყალზე გადაწყვიტეს

პოსტპანდემიურ პერიოდში, სახელოვნებო სფერო სხვადასხვა სივრცეების ძიებაშია, რათა კონცერტები თუ სპექტაკლები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში გამართონ. საფრანგეთში მუსიკოსებმა საუკეთესო გამოსავალი იპოვეს და კონცერტების გამართვა პირდაპირ წყალზე გადაწყვიტეს.

ასევე საბერძნეთში დიდი პაუზის შემდეგ თეატრი გაიხსნა, ოღონდ ღია ცისქვეშ და ყველა რეკომენდაციის დაცვით.

თითქმის 5 თვე გავიდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საბერძნეთში ყველა თეატრი დაიხურა. პირველად პანდემიის გამო შექმნილი პაუზის შემდეგ ეპიდაურუსის თეატრი გაიხსნა. ეს ის ადგილია, სადაც თანამედროვეობა უძველესი კულტურის ნაშთებს ხვდება. ეპიდაურუსის თეატრი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში აგებული ამფითეატრია.

პერფორმანსი საბერძნეთის ეროვნულმა თეატრმა ჩაატარა - ეს 70 ღონისძიებას შორის ერთ-ერთია, რომელიც პოსტკოვიდურ პერიოდში დაიგეგმა.

ფრანგული დასს "პიანო დუ ლაკს" პანდემიის გამო 2 ტური ჩაუვარდა. COVID-19-ის გამო დაწესებული კარანტინის და ბუნდოვანი საკონცერტო განრიგის გამო, გაურკვეველი დარჩა თუ როდის შეძლებენ მუსიკოსები ფართო აუდიტორიას დაუბრუნდნენ.

ბევრი ფიქრისა და საუკეთესო იდეების განხილვის შემდეგ ასეთ ხერხს მიაგნეს. არტისტებმა გადაწყვიტეს პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ორიგინალურად ებრძოლონ და მაყურებელი დარბაზის ნაცვლად ბუნებაში დააბრუნონ. საკუთარ შემოქმედებას მუსიკოსები ტბაზე მოტივტივე ფორტეპიანოსა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების საშუალებით გაუზიარეს. კონცერტი რიკებურგის მეთვრამეტე საუკუნის სასახლესთან ჩატარდა.

დღის ამბები