21 სექტემბერი 2020,   00:36
ვრცლად
ახალი გარემოებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში - ექსპერტიზაზე კიდევ ერთი ავტომობილი​ა გადაყვანილი

ახალი გარემოებები გიორგი შაქარაშვილის საქმეში. "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ 109-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა ნაძალადეველებისა და საბურთალოელების მეგობრები, ისინი, ვინც ფეხბურთელის გარდაცვალებაზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ.

ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს მანქანა, სავარაუდოდ "მერსედესის" მარკის და მას ექსპერტიზა უტარდება.

ირკვევა, რომ აღნიშნული მანქანით ნაძალადეველები დაპირისპირების ადგილზე - არაგვის ხიდზე მეორე დღესაც დაბრუნდნენ. კონკრეტულად ვინ იყვნენ ავტომობილში უცნობია, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის არიან მგზავრები "ტოიოტა ქამრიდან" და "მერსედესიდან". რატომ დაბრუნდნენ ისინი ადგილზე, უცნობია.

გამოკვეთს თუ არა საქმის ეს ახალი გარემოება დამატებით ბრალდებულებს უცნობია. გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

საქმეში უკვე დამატებით 2 ექსპერტიც ჩაერთო. ოჯახი ფიქრობს, რომ სწორედ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე წარუდგენს საგამოძიებო უწყება "ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრს განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით ბრალს. ოჯახი ბოლო ვადად კვლავ 31 აგვისტოს ასახელებს. მირიან ნიკოლაძის თქმით, ამ 1 თვეში გამოძიებამ ყველა ის პირი უნდა გამოკვეთოს, ვინც 19 წლის ფეხბურთელი არაგვის ხევში უკანასკნელად ნახა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. 3 დღეში მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა განახლდება. მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე უნდა იმსჯელოს. არასრულწლოვნების ადვოკატების თქმით, ჩვენებები, რომელიც მოწმეებმა გამოძიებას ბოლო პერიოდში მისცეს, სარწმუნო არ არის და მტკიცებულებები, რომლითაც მათი ბრალი დამტკიცდება, არ არსებობს.

მოწმეების ბოლო ჩვენებები ეჭვს უჩენთ სრულწლოვანი ბრალდებულების ადვოკატებსაც. ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმებას გამორიცხავენ.

ის, რაც ბრალდებულების ადვოკატებისთვის სარწმუნო არ არის, სარწმუნოა მირიან ნიკოლაძისთვის. შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეები ჩვენებებს კი არ ცვლიან, არამედ დეტალებს აზუსტებენ და დაპირისპირების ღამეს დეტალურად იხსენებენ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვეზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა  ის პირები, ვინც ფეხბურთელი არაგვის ხევში უკანასკნელად ნახა, ჯერ კიდევ ვერ გამოკვეთა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები