21 სექტემბერი 2020,   01:31
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვებისა და სასურსათო ობიექტებში დარღვევები აღმოაჩინა

დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი და კოროზირებული ინვენტარი - ეს იმ ხარვეზების ძირითადი ჩამონათვალია, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვებისა და სასურსათო ობიექტებში აღმოაჩინა. დაწესებულებების ნაწილში ხარვეზების კლასიფიკაცია კრიტიკულ შეუსაბამობას უტოლდება.

ანუ შეუსაბამობას, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მაღალ რისკს უქმნის. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსგავსი მონიტორინგი პერმანენტულად ხორციელდება, თუმცა უწყება სადამსჯელო ბერკეტების ნაცვლად რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, სურსათის სააგენტომ სტანდარტების დამრღვევთა სიაში წელს "ნიკორასა" და "გუდვილის" მარკეტებშიც შეიყვანა. პროდუქციის შენახვისთვის არასაკმარისი ტემპერატურა და ჰიგიენა, მსხვილ კომპანიებთან პრეტენზიის საფუძველი გახდა. ფაქტს "გუდვილში" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პრობლემა ხარვეზის დაფიქსირებიდან უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრა. "ნიკორაში" კი დღეს "კურიერის" შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოქალაქეების უმრავლესობისთვის საყურადღებოა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კვებისა და სავაჭრო ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური კუთხით პრობლემები ხშირია. მოქალაქეები საკანონმდებლო ბაზის გამკაცრებას ითხოვენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 490-ზე მეტი ობიექტი შეამოწმა. თუმცა, გახდება თუ არა აღმოჩენილი დარღვევები რომელიმე კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი, ჯერ უცნობია.

დღის ამბები