24 სექტემბერი 2020,   12:01
ვრცლად
ბევრჯერ ყოფილა ფაქტი, რომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახმაურებული ვერსია მერე დადასტურებულა - მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დღეს გადაწყდება, როდის ჩაუტარდება გარდაცვლილის ავტომობილს ექსპერტიზა. მან განცხადება გააკეთა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებითაც, სადაც ჟურნალისტმა გაახმაურა ვერსია, რომლის თანახმად ბაჩალიაშვილი ფლობდა კონფიდენციალურ ინფორმაციას სამ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით, თუმცა ვინ არიან ეს პირები, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. 

"დღეს მეცოდინება, ზუსტად როდის იქნება ამოღებული ვიდეო სათვალთავლო კამერის ჩანაწერები. დღეს გადაწყდება, როდის იქნება ავტომობილის ექსპერტიზა ჩატარებული. დღეს უნდა შევათანხმოთ დრო.

ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ბევრჯერ ყოფილა ფაქტები, რომ გაჟღერებული ვერსიის შედეგად, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ბევრი ვერსია მერე დადასტურებულა და ახლოს ყოფილა სიმართლესთან,"-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები