19 სექტემბერი 2020,   20:32
ვრცლად
როცა კონკრეტული პოლიტიკოსები ქმნიან სხვა პოლიტიკურ ძალებს, მათ მიმართ ტალახის სროლა არ მგონია კარგი იყოს საერთო საქმისთვის - სერგი კაპანაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის წევრების მიმართ ტალახის სროლა საერთო საქმისთვის დამაზიანებელია.

კაპანაძის განმარტებით, მომავალში კოალიციური პარტია პრიორიტეტულია.

"არ ვაპირებთ ცალკეული ლიდერებისა და პოლიტიკოსების გამოსვლების კრიტიკას, უბრალოდ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ შემდეგი მთავრობა უნდა იყოს კოალიციური მთავრობა პოლიტიკურ ძალებს შორის. მე მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები ქმნიან სხვა პოლიტიკურ ძალებს ან ტოვებენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ მიმართ ტალახის სროლა და მათი შეურაცხყოფა არ მგონია, რომ იყოს კარგი საერთო ოპოზიციური საქმისთვის," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ყოფილი თანამებრძოლი ბნელ მხარეს გადავიდა.

სააკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრის დროს ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს. ის დარწმუნებულია, რომ პარტია პირველ ადგილზე გავა და მთლიანად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას.

ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი საუბრობს თანამშრომლობის აუცილებლობაზე ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, საჭიროა კოალიცია არა პარტიებთან, არამედ საზოგადოებასთან.

დღის ამბები