26 სექტემბერი 2020,   06:03
ვრცლად
"ძალიან ცუდი როლი სწორედ პარლამენტს მიუძღვის მოსამართლეების დანიშვნის კუთხით" - დეპუტატებმა TI-ს ანგარიში შეაფასეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიში, რომელიც პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ფარგლებში მომზადდა, დეპუტატებმა შეაფასეს. 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროცესი მართული იყო "ერთი ადამიანის მიერ."

"პირდაპირ ბრძოლა მიდიოდა პარლამენტში, მის მისადგომებთან, საერთაშორისო სარბიელზე, რათა გვეიძულებინა პარლამენტი, მიეღო ხალხისთვის მისაღები გადაწყვეტილებები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. პარლამენტი, რომელიც დამოკიდებული იყო ერთი ადამიანის ნებაზე, რომელმაც დაიმორჩილა სასამართლო სისტემა და ძალიან ცუდი როლი სწორედ პარლამენტს მიუძღვის მოსამართლეების დანიშვნისა და სხვა საქმეების პარლამენტში გატანის სახით, რომელიც მოდიოდა არაფორმალური მმართველისგან,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით დეპუტატი სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო პროცესში, რაც ხშირად არ ხდება. 

"როგორც ჩანს, ხელისუფლება პრობლემად არ მიიჩნევს იმას, რომ პარლამენტის წევრების ნაწილი, რომლებიც აბსოლუტურად არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, წლების განმავლობაში არიან დეპუტატები და იქნებიან, როგორც ჩანს, ხელისუფლების მხარდაჭერის წყალობით. მგონია, რომ საპარლამენტო საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ყველა დეპუტატი სრულფასოვნად უნდა მონაწილეობდეს მუშაობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით ზიანდება მთლიანად პოლიტიკური პროცესი,"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

"ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა კი აღნიშნა, რომ დეპუტატის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულება მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ გამოიხატება. 

"პირველ რიგში, საუბარია სწორედ საკონსტიტუციო რეფორმაზე რომელმაც ქვეყნის საპარლამენტო მოდელად ჩამოყალიბება დაასრულა. აქვე, შეიძლება აღვნიშნოთ რეგლამენტი, რომელმაც ცალსახად განსაზღვრა ის უფლებამოსილებები, რომელიც პარლამენტს აქვს ქვეყნის მართვის სპექტრში. პარლამენტის წევრის მიერ, როგორც წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ ვლინდება. ვერ დაგეთანხმებით, რომ რომელიმე პარლამენტის წევრი თუკი აქტიურად არ ჩანს ტელეეკრანებზე, ის თავის საპარლამენტო ფუნქციას არ ახორციელებს,"-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მონიტორინგის ფარგლებში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

დღის ამბები