26 სექტემბერი 2020,   06:10
ვრცლად
სახლში, სადაც ლევან თოფაძე დაჭრეს სისხლის კვალი ჯერ კიდევ არის - ლევან თოფაძის დაჭრიდან სამი დღის შემდეგ მედიამ დანაშაულის ადგილი გადაიღო

ვინ მიაყენა ბესარიონ ჟვანიას დაზიანებები სხეულზე - ერთ-ერთი ვერსიით, ლევან თოფაძის საქმეზე დაკავებულმა ამ ფორმით, პროკურატურისთვის კვალის არევა სცადა.

საკუთარი დანაშაულის გამართლების მცდელობა თავდაცვის მიზნით თუ კიდევ ერთი დანაშაული - გამოძიება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. საბოლოო შედეგამდე კი, ერთ დანაშაულზე უკვე ერთი ბრალდებულია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს ბუსა ჟვანიას, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. პარლამენტის ყოფილი წევრის გოგი თოფაძის შვილიშვილი საქმეში დაზარალებულად ცნეს.

დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ახლა საავადმყოფოშია. დღეს უნდა იმსჯელოს მოსამართლემაც, რამდენად კანონიერია ბესარიონ ჟვანიას პატიმრობაში დატოვება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

დღეს მედიის წარმომადგენლებს პირველად ჰქონდათ საშუალება, რომ შემთხვევის ადგილი გადაეღოთ. თოფაძეების საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილს სისხლის კვალი ამ დრომდე ეტყობა, რომელიც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დღეს დაზარალებულის ლევან თოფაძის მამამ დაათვალიერებინა.

თოფაძეების ოჯახი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გამოძიების მიმდინარეობაზე საუბრობს. 

"გადასარევად არის, უკეთ. კვლევა მიდის. ჟვანიას რატომ ემუქრება პატიმრობა მაგასაც ვერ გეტყვით მე. ვერ გეტყვით ვერაფერს. იმიტომ არ ვადანაშაულებ, რომ იქნებ არ არის დამნაშავე, მაგას გამოიძიებენ და გამომძიებლებს კითხეთ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემი შვილი ძლივს გადავარჩინე და ახლა გამომძიებლებში ვირბენდი? ჯერ შვილის გადარჩენაზე დავდივარ," - აცხადებს ლევან თოფაძის მამა ირაკლი თოფაძე.

გოგი თოფაძის განცხადებით კი, მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ბრალდებულ ბუსა ჟვანიას, ის კვლავ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. ამ გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ სწორედ კლინიკაში იმსჯელოს, თუმცა პროკურატურას სასამართლოსთვის ამ დრომდე შუამდგომლობით არ მიუმართავს. ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულ ბუსა ჟვანიას პატიმრობას მოითხოვს.

ბრალდებულის და დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელმა ისაუბრა. მედიკოსების განცხადებით, ორივე მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. შესაძლოა, ბუსა ჟვანიას გაწერა დღეს ან ხვალ მოხდეს. რაც შეეხება, დაზარალებულ ლევან თოფაძეს, ის უკვე მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია და კონტაქტურია.

"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური. ჯერჯერობით პაციენტს უგრძელდება მკურნალობა სტაციონარულ პირობებში. არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია," - განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

დღის ამბები