25 სექტემბერი 2020,   07:46
ვრცლად
ბუსა ჟვანიას 5 საათზე საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებენ

ბრალდებულმა ბუსა (ბესარიონ) ჟვანიამ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა და "კურიერის" ობიექტივში მოხვდა, თუ როგორ ტოვებს ჟვანია ჯერ საკუთარ პალატას, სადაც ბოლო 2 დღე გაატარა, შემდეგ კი კლინიკის ტერიტორიას, საიდანაც ის სამართალდამცავებმა გაიყვანეს.

ბუსა ჟვანიას 5 საათისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებენ. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

რაც შეეხება დაზარალებული ლევან თოფაძის ოჯახის პოზიციას, ოჯახს საკუთარი მოთხოვნა და პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია.

დაზარალებული ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დრომდე რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი კლინიკის წარმომადგენელმა გააკეთა.

ექიმის ინფორმაციით, ლევან თოფაძე ჯერ ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და დღის ბოლოს პალატაში გადაიყვანენ. ექიმის თქმითვე, ამ დრომდე თოფაძის გამოკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება.

"ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა კლინიკა უკვე დატოვა. მეორე პაციენტის მდგომარეობა, როგორც გითხარით გაუმჯობესებულია და ძალიან მალე მკურნალობას გააგრძელებს ქირურგიულ განყოფილებაში. დღეს გადაყვანილი იქნება ქირურგიულ განყოფილებაში.

პაციენტი სანამ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მასთან დაკითხვის ქმედება ვერ განხორციელდება. დანარჩენი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და ვითარებაზე, რა ვითარებაც იქნება," - განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს ბუსა ჟვანიას პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. პროცედურა ღამის 10 საათისთვის საავადმყოფოში შედგა, სადაც ბრალდებული ამ დრომდე მკურნალობს. ვინ დაჭრა ის მუცლის არეში - ამაზე არავინ საუბრობს.

დღის ამბები