25 სექტემბერი 2020,   20:57
ვრცლად
ჩვენი თანამებრძოლების თავგანწირვა მაგალითია ყველასთვის, რომ მომავალმა თაობებმა ასევე იბრძოლონ ამ მიწა-წყლისთვის - აგვისტოს ომის მონაწილე

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით დღეს დილიდან პატივს მიაგებენ იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მუხათგვერდის სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს აგვისტოს ომის მონაწილეებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული თანამებრძოლებისთვის პატივის მისაგებად იმყოფებოდა აგვისტოს იმის ერთ-ერთი მონაწილე ავთანდილ ჩიხლაძეც.

"განსაკუთრებულად მძიმე წუთები იდგა მთლიანად საქართველოსთვის, შეიარაღებული ძალებისათვის და ვინც იქ ვიყავით, ვისაც გვქონდა პატივი, რომ იარაღით ხელში ვმდგარიყავით სამშობლოს დასაცავად, ჩვენ ვნახეთ ჩვენი თანამებრძოლების, რომლებიც დღეს აღარ არიან, ის თავდადებული ქცევები, თავგანწირვა, რაც მაგალითია ყველა ქართველისათვის, რომ მომავალმა თაობებმა ისევე თავგანწირვით იბრძოლონ ამ მიწა-წყლისთვის,"-განაცხადა ავთანდილ ჩიხლაძემ.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სახელმწიფომ ომის ვეტერანებსა და გარდაცვლილების ოჯახებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. 

"ის გმირები, რომლებიც აქ არიან ამ სასაფლაოზე და არამარტო მათი სახელი იქნება უკვდავყოფილი ერთიან საქართველოსთან ერთად. ასევე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ამ გმირებს, დაეხმაროს მათ ოჯახებს, გვერდით დაუდგეს ვეტერანებს აუცილებლად, იმიტომ, რომ პატრიოტიზმი რომ გავაღვივოთ ახალგაზრდებში, ისინი უნდა ხედავდნენ, რომ გმირები, მათი ოჯახები, ვეტერანები ყოველთვის დაფასებულები არიან ქვეყანაში,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ. 

"საქართველოს ისტორიისთვის გმირობა არ არის სიახლე. ჩვენ ისტორიულად ვამტკიცებთ, რომ ყველაზე ძვირფასი და ზოგჯერ სიცოცხლეზე ძვირფასიც არის თავისუფლება. გმირები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს თავისუფლების იდეას, სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ ამ ბრძოლას რა ფორმით, იმ ფორმით, რომ მათი ხსოვნა გვაძლევს ჩვენ საბრძოლო შემართებას და იმ განწყობას, რომ არასოდეს არცერთი საქართველოს მოქალაქე არ შეეგუოს არც ოკუპაციას და არც ჩამორჩენილ, მაჩანჩალა სახელმწიფოს,"-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები