26 სექტემბერი 2020,   06:47
ვრცლად
ომის წინაპირობები იყო აბსოლუტურად უგუნური და გაუმართლებელი პოლიტიკა, თქმა იმისა, რომ ჩვენ არ გვეგონა - ეს არის დიდი უტიფრობა - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით,  ომის თავიდან აცილება ხელისუფლებამ უტიფარი მიზეზების გამო ვერ მოახერხა. 

"ომი ერთ დღეში არ იწყება, ომი არის პოლიტიკის გაგრძელება ცეცხლისმიერი ფორმებით. თუ მაშინდელმა ხელისუფლებამ  შეცდომები დაუშვა, ამაზე უნდა ვისაუბროთ და ეს უნდა იყოს გაკვეთილი. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მთავრი შეცდომა თურმე ყოფილა, რომ რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალებს სტატუსი არ მოუხსნეს, ანუ გვეუბნებიან, სტატუსი რომ მოეხსნათ, მაშინ ომი არ იქნებოდაო, რა ძალიან დიდი ტყუილია, რადგან საერთაშორისო სამართალი ფეხქვეშ გათელა მაშინაც და როდესაც ოკუპაცია მოახდინა იმ დროსაც. 

ომის წინაპირობები იყო აბსოლუტურად უგუნური და გაუმართლებელი პოლიტიკა, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლების მთავრი ვალდებულებაა, განახორციელოს პრევენცია ომის თავიდან ასაცილებლად,"- აცხადებს სესიაშვილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ირაკლი სესიაშვილი, მაშინ რომ პრეზიდენტი ყოფილიყო:

"არ გადავდგამდი არასწორ დიპლომატიურ ნაბიჯებს. ჩვენი ფარი იყო საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია. ომი ასე ადვილად არ იწყება, მას ტაქტიკური გადაადგილებები სდევს წინ. მაშინ იყო მოსათხოვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. იმ ხელისუფლების მთავრი ამოცანა იყო ის, რომ როდესაც ხედავდა კრემლი მომზადებული იყო აგრესიის გასახორციელებლად, საერთაშორისო საზოგადოების საშუალებით მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ომი აერიდებინათ. წინა დღეებში გვახსოვს, რომ ყველაფერი კეთდებოდა ესკალაციისაკენ. როდესაც აგრესიის უშუალო ნიშნებზე ვსაუბრობთ, აქ მთელი მსოფლიოს მობილიზება იყო საჭირო. თქმა იმისა, რომ ჩვენ არ გვეგონა - ეს არის დიდი უტიფრობა," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა. 

დღის ამბები