26 სექტემბერი 2020,   06:40
ვრცლად
ვაპირებთ გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე "ზეგის" თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა დასრულდა, ამოღებულია რამდენიმე კომპიუტერი

აქვს თუ არა კომპანია "ზეგის" საქმიანობას კავშირი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან - ამ კომპანიის თანამშრომლების სახლებში რამდენიმე საათიანი ჩხრეკა უკვე დასრულებულია. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამომძიებლებმა საგამოძიებო მოქმედება ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ჩაატარეს. დაილუქა რამდენიმე კომპიუტერი.

მისამართებზე მისულ სამართალდაცმველებს არ დაუკონკრეტებიათ, რის საფუძველზე მიმდინარეობდა სამუშაოები. ერთადერთი, რაც მათ წარადგინეს, იყო მოსამართლის ნებართვა, რომ კერძო საკუთრებაში შესულიყვნენ.

"სასამართლოს განჩინებით იყვნენ, თუმცა რა კავშირშია ჩხრეკა მიმდინარე გამოძიებასთან იქ არ ეწერა. ამიტომ ახლა ჭორებით მე ვერ ვიმსჯელებ. მე ვერ გავიგე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ, რომ არაფერი არ ეწერა. რაც შეეხება რა ამოიღეს - ორი ლეპტოპი იყო. ერთი ბავშვის იყო, თუ არ ვცდები არ მუშაობს, მეორე თავისი პირადი ლეპტოპი ნინისი, გამოუტანა და მისცა. მერე გაიჩხრიკა და სხვა არაფერი არ უნახავთ," - განაცხადა ერთ-ერთი თანამშრომლის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

კომპანია "ზეგ"-ის იურისტის ქეთი მირიანაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ჩხრეკას გაასაჩივრებენ.

"ჩატარდა ჩხრეკა თამარ კობერიძის სახლში, ეს არის ოჯახის წევრის პირადი კომპიუტერები, გაფუჭებულია ორი ცალი ლეპტოპი, სხვა არაფერი არ ამოუღიათ. განჩინებაში არაფერი არ წერია, არანირი დასაბუთება, არანაირი ის საკითხი, რა შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს თამარ კობერიძის ბინის ჩხრეკას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან. ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება," - განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები