19 სექტემბერი 2020,   16:50
ვრცლად
COVID-19-ის გამო ჩაკეტილი სოფელი ყარაჯალარი შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიხსნას

სოფელი ყარაჯალარი, რომელიც 16 დღეა ჩაკეტილია და მკაცრ კარანტინში იმყოფება, შესაძლოა უახლოეს დღეებში კვლავ გაიხსნას. დღეს სოფლის მოსახლეობისთვის გაფართოებული ტესტირების მეორე ეტაპი მთავრდება. ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ სპეციალისტებმა ტესტირების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს და ორი დღის განმავლობაში 1500-მდე პროცედურა ჩაატარეს.

ყარაჯალარში ოთხი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. თავდაპირველად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ტესტირებაზე უარს აცხადებდა და ამ პრობლემამ ადგილზე ეპიდემიოლოგიური კვლევა საკმაოდ შეაფერხა. თუმცა, როგორც დღეს სოფლის მაცხოვრებლები გვარწმუნებდნენ, ამ ეტაპზე პრობლემა გადალახულია.

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობაზე და მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი. დავით ბეგაშვილის განმარტებით, სოფლის ძველი ცხოვრების რიტმში დაბრუნების საკითხი​ ეპიდემიოლოგთა ჯგუფებთან ადგილობრივების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

დღეს კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაგვემატა. აქედან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია. დღევანდელი შემთხვევებიდან საყურადღებოა გორში, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევა, რადგან, როგორც ირკვევა, დაინფიცირებული რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად მუშაობდა. ამ ეტაპზე იმ ადამიანთა წრის გამოკვლევა მიმდინარეობს, რომლებთანაც დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა. 40 ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები სამომავლოდ გარკვეულ რისკებს ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის. არსებული ვითარების შენარჩუნება და ქვეყანაში არსებული ცხელი კერების ეფექტური კონტროლი - სპეციალისტების აზრით ეპიდვითარების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

ქვეყანაში ამ დროისთვის კოვიდ ინფიცირების 1,225 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 1000. სოფელ ყარაჯალარს 43 შემთხვევა უკავშირდება, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი ჯამში კოვიდ ინფიცირების 71 ფაქტი გამოვლინდა.

დღის ამბები