30 სექტემბერი 2020,   13:52
ვრცლად
დღეს გამოვლენილი 25 ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი უკავშირდება სვანეთის რეგიონს, სადაც კორონავირუსი 17 პაციენტს დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტები კლინიკებში გადაჰყავთ.

"ინფიცირება სტუმრად ჩამოსული ადამიანისგან მოხდა. როგორც კი ჩვენთვის ეს ცნობილი გახდა და დაიწყეს ეპიდემიოლოგებმა კვლევა, აიღეს 37 ბიოლოგიური ნიმუში და აქედან დადასტურებული არის, სამწუხაროდ, 17.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ადამიანების შესაბამის კლინიკებში გადმოყვანა," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით კი, გუშინ მათ კლინიკაში მაღალმთიანი რაიონიდან 75 წლის ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც ქრონიკული თანმხლები დაავადებები აღენიშნება.

"გუშინ გამთენიისას მოხდა ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონიდან, ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში ჩამოიყვანეს სამკურნალოდ და იქ პარალელურად, როცა გაუკეთეს ტესტირება აღმოჩნდა, რომ არის კოვიდ დადებითი და გადმოყვანილ იქნა ჩვენთან. ქალბატონი არის 75 წლის, მას აქვს ასთმა, აქვს პნევმონია და ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება მძიმე პაციენტად ჩაითვალოს," - აღნიშნა ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარი ექიმმა თემურ ნადირაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები