30 სექტემბერი 2020,   14:08
ვრცლად
ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის პირველი წარდგენის სხდომა სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მოსამართლე იმსჯელებს, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმა უნდა შეეფარდოს 27 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 37 წლის მამაკაცს.

პარალელურად, გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

"მოვიდნენ, საწვავი მოიტანეს და ყველაფერს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შემდეგ ყველაფერი დაამტვრიეს. სახლებს დიდი ხნის განმავლობაში უმოწყალოდ არბევდნენ. ჰქონდათ იარაღი, ხელკეტები და რკინის ნივთები. ძალიან ბევრნი იყვნენ. თქვენც ხედავთ რა ვითარებაა სახლში. დღეს მშვიდობაა, თუმცა არ ვიცით ეს როდემდე გაგრძელდება. ჩვენ გვსურს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სიმართლე დროულად დადგინდეს,"- განაცხადა დაკავებულის მამამ. 

"ფაქტობრივად, მთელი სახლი ქვებით ჩაქოლეს. შეხედეთ ოთახს, კვალი კარგად ეტყობა, ყველაფერი დამტვრეულია - კარი, ფანჯრები, ნივთები, აღარ დარჩა არაფერი,"-განაცხადა დაკავებულის ოჯახის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. 

მკვლელობის შემდეგ ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოკლულის თანასოფლელები, სოფელ კულიკამიდან ახალქალაქში ჩავიდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილის სასტუმრო და 4 საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის.

ამ ეტაპზე, ახალქალაქში სიმშვიდეა და ვითარებას პოლიცია აკონტროლებს. სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები