19 სექტემბერი 2020,   14:08
ვრცლად
ჩამსხვერულია ფანჯრები, დაზიანებულია ხატები და წაღებული 50 ლარი - დარბეული და გაძარცვული ეკლესიები კახეთში

დარბეული და გაძარცვული ეკლესიები კახეთში - მძარცველი გვერდიგვერდ მდებარე ტაძრებში მაშინ შევიდა, როცა იქ არავინ იყო. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მოხდა, დამნაშავემ ტაძრების მიმდებარედ ელექტროსადენებიც გადაჭრა, რადგან არსებულ სათვალთვალო კამერებს მისი იდენტიფიცირება არ მოეხდინა. დაზიანებულია ერთ-ერთი ტაძრის ხატი, რომელიც მაშინ ჩაიმსხვრა, როდესაც შენიღბული პირი ეკლესიის შენობაში შესვლას ფანჯრიდან ცდილობდა. შესაწირი ყუთებიდან მოპარულია თანხა - 50 ლარამდე.

სასულიერო პირი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობს ამბობს, რომ დამნაშავის მიზანი დარბევა არ ყოფილა. სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ რადგან მძარცველს ეკლესია დაკეტილი დახვდა, შენობაში შეღწევის მიზნით ეკლესიის ფანჯარა ჩაამსხვრია, რამაც ხატის დაზიანებაც გამოიწვია.

წინამძღვარი გრიგოლ მთვარელიშვილის თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და ერთი კვირის წინ კახეთში - სოფელ ვაზისუბანში მდებარე ეკლესიის შესაწირი ყუთიც გაქურდეს.

ეკლესიების გახშირებულ დარბევა - გაქურდვაზე და გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ გურჯაანში მცხოვრებლებიც. "კურიერთან" ისინი ყვებიან, რომ შემთხვევები დაახლოებით 2 კვირაა სხვადასხვა ეკლესიებში გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის. 

საგამოძიებო მოქმედებები დღეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხდარზე დაკავებული არავინაა, საქმეზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები