24 სექტემბერი 2020,   12:45
ვრცლად
გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება, შევეცდებით ჩვენივე მტკიცებულებებით დავადგინოთ პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები

რა კონკრეტული არგუმენტები არსებობდა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დასამძიმებლად? - ამაზე ადვოკატები პროკურატურისგან შესაბამის მტკიცებულებებს წერილობით ელოდებიან, რის შემდეგაც დაკავებულთა უფლებადამცველები მათი სიმართლის დამტკიცებას შეეცდებიან.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათ გარკვეული საგამოძიებო პროცედურების ხელახლა ჩატარებაც მოითხოვონ.

"ესეთი აბსურდული ბრალდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და შევეცდებით, ჩვენივე მტკიცებულებებით დავადგინოთ ამ ვერსიის აბსურდულობა. ბრალდებაზე ცემის ნაწილში მტკიცებულება არ არსებობს," - აღნიშნავს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი კი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. 

"შაქარაშვილთან არავის უჩხუბია, შესაბამისად, ის რომ მასთან მიმართებაში ვინმეს რაიმე შურისძიება ჰქონოდა - აბსურდია. საუბარი იმაზე, რომ მას გზა მოუჭრეს და მეორე მხრიდან მოუარეს ეს არის აბსურდი, რადგან ამ პირებმა ვერ დაინახეს საით გარბოდა შაქარაშვილი. რაზე საუბრობ და რა მტკიცებულებებით პროკურატურა?" - აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი გუშინ 5 პირს წაუყენეს, მათგან ორი არასრულწლოვანია.

განზრახ მკვლელობის ვერსიის საჯაროდ განცხადებამდე, გამოძიებამ დააზუსტა, რომ შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიზანმიმართულად არის განვითარებული. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის ბრალის დამძიმებას აბსურდულად მიიჩნევენ.

დღის ამბები