25 სექტემბერი 2020,   09:04
ვრცლად
მესტიაში კორონავირუსზე ჩატარებული 700 ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი მესტიაში აღებული 700 ნიმუშის პასუხი, რომელიც რაიონში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დადგენის მიზნით გუშინ ჩატარდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევის საჭიროება მაშინ გახდა საჭირო, როცა მესტიიდან აღებული ნიმუშებიდან 13 აგვისტოს ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, დაბა მესტიაში ეპიდემიოლოგთა 8 ჯგუფი მუშაობს, დანარჩენები კი სოფელ ჭუბერსა და ფარში არიან გადანაწილებული.

როგორც ნინო ვიბლიანმა აღნიშნა, მესტიაში არ არის სასურსათო და მედიკამენტების დეფიციტი და ჩაკეტილ ზონაში სადისტრიბუციო მანქანები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

კარანტინში მყოფ მუნიციპალიტეტში მეორე დღეა მოსახლეობის გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს. ადგილზე 10 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობს. არ არის გამორიცხული, უშგულში დაწესებული შეზღუდვები მალე მოიხსნას.

ლენჯერში კი დასრულებული ტესტირების მიუხედავად, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ისევ შენარჩუნდება. 4 დღეში მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 32 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, 600-ზე მეტი ადამიანი მესტიაში 23 სასტუმროშია განთავსებული. სვანეთი გუშინ ასზე მეტმა პირმა დატოვა - ისინი სავალდებულო 2 კვირას სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გაატარებენ.

დღის ამბები