21 სექტემბერი 2020,   02:16
ვრცლად
ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება - ევროპელი ლიდერები ლუკაშენკოს მთავრობის მიმართ სავარაუდო სანქციებზე საუბრობენ

ბელარუსში უკვე მე-6 დღეა ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. პროტესტმა დღეს უკვე მშვიდობიანი ხასიათი შეიძინა, მოსახლეობა ქუჩებში სოლიდარობის ჯაჭვებს ქმნის და მოითხოვს, ხელისუფლებამ მათი სათქმელი მოისმინოს.

ერთ-ერთი მოთხოვნა კი, ასობით დაკავებულის გათავისუფლებას ეხება. ამ ყველაფრის პარალელურად, დასავლეთი კვლავ სანქციებით იმუქრება, განსხვავებული პოზიცია აქვს კრემლს. 

გერმანიის პოზიციით, ევროკავშირმა ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა მის ნორვეგიელ კოლეგასთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ამ დროისთვის ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს, თუ რა სახის რეაგირება უნდა მოხდეს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე.

"სავსებით ცხადია, რომ ბელარუსში არსებული სისასტიკე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავება მიუღებელია 21-ე საუკუნის ევროპაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ არსებულ ხელისუფლებაზე. ბელარუსმა სწორი კურსი შეცვალა, ამიტომ შესაძლო სანქციებზე საუბარი მოსალოდნელია," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით კი, გარე ძალები ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევას და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბელარუსში ვითარება დამშვიდდება და დასტაბილურდება. ვხედავთ გარე ძალების მიერ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევისა და ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობებს. ცალკეული უცხოელი პარტნიორი ბელარუსის ხელისუფლებებზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს,"- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა

დღის ამბები