23 სექტემბერი 2020,   14:54
ვრცლად
მედიკოსების ერთობლივი განცხადება - ექიმები გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ 

თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორის, გიორგი ლობჟანიძის და ქირურგ ვახტანგ ყიფიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ექიმები ამჯერად ერთობლივი განცხადებით მოითხოვენ.

სამედიცინო ასოციაციის საერთო კენჭისყრაზე დღეს გადაწყდა, რომ სამშაბათს გამაფრთხილებელი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი მედიკოსები არ გამორიცხავენ ქვეყნის მასშტაბით გეგმიური სერვისების ჩატარებაზე უარი თქვან და გაიფიცონ.

დღეს შემუშავებული განცხადების ხელმომწერები ბრალდებული ექიმების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში, შემოწმების აქტის ახლიდან დაწყებას მოითხოვენ.

"მოხდეს შეხვედრა გენერალურ პროკურორთან და შესაბამისი წერილი შევა ბატონი შოთაძის სახელზე. თქვენ იცით, რომ სამშაბათს დაგეგმილი იყო აქცია სამინისტროს წინ. ეს აქცია გადაიდო, ვინაიდან მოლოდინი იყო საიმედო, რომ რაღაცა შეიცვლებოდა. შესაბამისად, სამშაბათს აქცია სამინისტროს წინ, 17 საათზე არის ძალაში. მოთხოვნა არის ერთი - შემოწმების პროცესის ახლიდან დაწყება იმ აქტის, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა," - აცხადებს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გოგოს ოჯახი ამტკიცებს, რომ დაკავებულ ექიმებს ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ, რაც მათი შეფასებით, თაღლითობაა. ბრალდებებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და კოლეგებს სოლიდარობა უცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხუჭულავას პატიმრობა.

დღის ამბები