23 სექტემბერი 2020,   13:55
ვრცლად
კომპრომისი იყო, რომ თუ ვწერთ რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც - დავით ბაქრაძე 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციაზე

"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი,  კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. ამის შესახებ  ბაქრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით,  ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ბაქრაძე ამბობს, რომ ეს ქვეყნის ღალატი არ არის და ბრალდებები ამის თაობაზე უსამართლოა.    

"ეს არის პირველი დოკუმენტი საერთაშორისო, რომელშიც შეფასებულია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის პირველი დოკუმენტი საერთაშორისო, რომელშიც დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია. ეს არის პირველი დოკუმენტი საერთაშორისო, რომელშიც დაფიქსირდა ის, რომ რუსეთი არის დამნაშავე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისთვის. ანუ, ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარია ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, რომ ქართული მხარე მონაწილეობდა იმ სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი პუნქტი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დელეგაციის დაწერილი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც კენჭს უყრიდა 47 ქვეყნის წარმომადგენელი. ეს არის დოკუმენტი, სადაც რუსეთს მთლიანად მხარს უჭერდა სოციალისტების ჯგუფი. სხვათა შორის, სოციალისტები ის ჯგუფია, სადაც ქართული ოცნების დელეგაციაა გაწევრიანებული  ევროსაბჭოში, ასე რომ საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორებს მოკითხონ, რატომ არის ეს ჩანაწერი ამ დოკუმენტში და ეს არის კომპრომისის შედეგი. ამ შესწორებას, კონკრეტულად, ქართულმა მხარემ წინააღმდეგი მისცა ხმა, ქართულმა დელეგაციამ, მაგრამ იმის გამო, რომ მაგიდის მეორე მხარეს იყო რუსეთის დელეგაცია, ძალიან დიდი და გავლენიანი, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპული ქვეყნები, მხარს უჭერდა სოციალისტების ჯგუფი, კომპრომისი, რაზეც ჩვენი მეგობრები და რუსეთის მოკავშირეები შეთანხმდნენ და გვესმის, რომ 5 კაციანი ქართული დელეგაცია კომპრომისს ვერ შეცვლის, ამიტომ კომპრომისი იქ იყო, რომ კი ბატონო, თუ ვწერთ რომ რუსეთი ოკუპანტია და დამნაშავეა, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც. 

პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ეს საქართველოს ღალატი ნამდვილად არ არის და მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლობა.“ - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

დღის ამბები