26 სექტემბერი 2020,   05:47
ვრცლად
რა მოხდა ბათუმის საკარანტინო სივრცეში სადაც მამაკაცი მე-4 სართულიდან გადახტა - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად.

"საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან - შ.თ.-სთან ერთად.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები.

გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს.

სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები