19 სექტემბერი 2020,   17:33
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს - სასამართლო ხვალ გაგრძელდება

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო. საქმეზე ბრალდებულებმა, რომლებიც მოწმის სტატუსით იყვნენ დაბარებულები, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. 

ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და თენგო ბარბაქაძე - ეს იმ ბრალდებულების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მე-8 დაწესებულებიდან დასაკითხად გადმოიყვანეს. 

მათი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულები მოსალოდნელი დაკითხვის შესახებ და, მზად არიან, მოგვიანებით, სასამართლოს ჩვენება მისცენ. 

"ტატიაშვილმა განაცხადა, რომ მას უფლება აქვს და მისცემს ჩვენებას, მაგრამ, ამ ეტაპზე, არ არის მზად. ასევე, ჩიქოვანმა და გაგნიძემ, თუ არ ვცდები. ყველა დანარჩენმა განაცხადა უარი. არ იყო ფიზიკურად გამოცხადებული ჟვანია, მაგრამ მისი განცხადება იყო წარმოდგენილი, რომ არ სურს ჩვენების მიცემა,"-განაცხადა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა. 

ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ მოწმედ გამოცხადებული ბრალდებულები ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ. 

"გარკვეულმა მოწმეებმა დააფიქსირეს, რომ არ სურდათ ჩვენების მიცემა. წარმოდგენილი მოწმეები, ასევე, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან ბრალდებულები. მოწმეთა გარკვეულმა რაოდენობამ ითხოვა დრო, რომ გაიარონ სათანადო კონსულტაციები. წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ,"-განაცხადა ადვოკატმა. 

საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი კი აცხადებს, რომ ბრალდებულების ადვოკატები მათი მოწმეებად გამოძახების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

"სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პროცესის დაწყებას და, შესაბამისად, დღეს არ დაიკითხა არცერთი მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული იყვნენ ბრალდების მხარის მოწმეებად. თითოეულის ადვოკატი რამდენიმე დღით ადრე იყო გაფრთხილებული ბრალდების მხარის მიერ, რომ ბრალდების მხარე აპირებდა მათ გამოძახებას,"-განაცხადა პროკურორმა. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების არსებითი განხილვა ხვალ დილის 11 საათიდან განახლდება, რა დროსაც გამოიკითხება დამოუკიდებელი ექსპერტი და ბრალდებული გიგა ტატიაშვილი.

დღის ამბები