19 სექტემბერი 2020,   16:56
ვრცლად
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს - მარტვილში COVID-19 სამართალდამცველს დაუდასტურდა

მარტვილში კორონავირუსი სამართალდამცველს დაუდასტურდა. ინფორმაცია "კურიერს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ბათუმია. ამ დროისთვის გამოვლენილია მისი 7 კონტაქტი. მამაკაცი რუხის კლინიკაშია მოათავსებული.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კი კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი დაემატა. აქედან 2 ქუთაისის, 2 კი აჭარის კლასტერიდანაა, ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდ-დადებითი პაციენტი მკურნალობს.

კახეთში კი 700-ზე მეტი ნიმუშის პასუხს ელოდებიან. ტესტის პასუხების ნაწილი დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მესამე დღეა სოფელ მატნის შესასვლელ-გასასვლელში მოწყობილია სამედიცინო და საკონტროლო პუნქტები - მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება.


3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა ოზურგეთში. გრიშაშვილის ქუჩაზე კორონავირუსი ერთი ოჯახის სამ წევრს - მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს დაუდგინდა. ოჯახს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. ოზურგეთში COVID-19 უკვე 20 ადამიანს დაუდასტურდა. გურიაში კი ჯამში 28 ინფიცირებულია.

ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში გამოვლენილ შემთხვევებს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია მომხდარს საგანგაშოს უწოდებს და მთავრობას მსგავსი სახის დაწესებულებებში რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. პანსიონატში გუშინ ვირუსი 5 ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ისინი ქუთაისში მკურნალობენ. პანსიონატში მყოფი 200-მდე ადამიანის პირველადი ტესტის პასუხები ლუგარიდან უარყოფითია. მიმდინარნეობს გაფართოებული კვლევა.

დღის ამბები