19 სექტემბერი 2020,   15:38
ვრცლად
ყველა არჩეულ პარლამენტის წევრს ექნება ვალდებულება გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება - რატი იონათამიშვილი

საარჩევნო კოდექსსა და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, დღეს დეპუტატები პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით სესიაზე კენჭს უყრიან. საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს და არა ცესკოში დარეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს.

"ყველა არჩეულ პარლამენტის წევრს ექნება ვალდებულება გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, წარადგინოს შესაბამისი ცნობა. კომიტეტის შემდეგ გადავინაცვლებთ უკვე სასესიო ფორმატში და მიმდინარე კვირას ჩვენ გვექნება უკვე სამი მოსმენით ამ ინიციატივაზე მსჯელობა და კენჭისყრა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

მეორე საკითხი კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და გასაჩივრების შესაძლებლობას ეხება.

ორივე საკითხის განხილვა სესიამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოხდება. ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია.

"ის ცვლილებები, რომელიც განიხილება ახლა პარლამენტში რეალურად არ აგვარებს მთავარ პრობლემას. ისევე განხილვები და გადაწყვეტილების მიღება. ისევე პოლიტიკური ნიშნით დანიშნავენ მოსამართლეებს და მიავლენენ უზენაესს სასამართლოში, ისე რომ საზოგადოებას არ ეცოდინება კრიტერიუმები, რის მიხედვით მოხდა მისი შერჩევა. სხვათა შორის ეს იყო მთავარი რეკომენდაცია ეუთოსი, რომ ეს პრინციპი ყოფილიყო გადახედილი, რაც არ იქნა გადახედილი," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები