24 სექტემბერი 2020,   01:46
ვრცლად
პარლამენტში სასამართლოების კანონმდებლობის შესახებ მსჯელობა გაიმართა - ცვლილებების ნაწილს ომბუდსმენი აკრიტიკებს

პარლამენტში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 3 საათი გაგრძელდა. მხარეებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეჯერება სცადეს. შეხვედრას სახალხო დამცველიც ესწრებოდა.

ომბუდსმენი უკმაყოფილოა ფარული კენჭისყრის გაუქმების ნაწილით და ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ამ საკითხს არ ითვალისწინებს.

"აღნიშნული კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რაზეც საუბრობს ეს ორგანიზაციები, კერძოდ არ ითვალისწინებს ფარული კენჭისყრის გაუქმებას და ინდივიდუალური კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილებების დასაბუთებას. არის გასაჩივრების მექანიზმი შემოტანილი, თუმცა გარკვეულ გაუმჯობესებას საჭიროებს. ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ ყველა ეს კომპონენტი არ იქნა გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს არსებული ფორმით კანონპროექტის მიღება ვერ დააკმაყოფილებს და არ იქნება შესაბამისობაში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან," - აცხადებს ნინო ლომჯარია.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ მომხდარა და დიდი ალბათობით საკითხის განსახილველად კიდევ შეიკრიბებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მსჯელობის შედეგად, მოხდა პოზიციების გარკვეულწილად დაახლოება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად

"არ გამოვრიცხავთ დაიგეგმოს შემდგომი შეხვედრა სადაც ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს," - აღნიშნა  ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები