28 ოქტომბერი 2020,   19:06
ვრცლად
რა კითხვები აქვს ოპოზიციას ეკონომიკის მინისტრთან - ნათია თურნავა დღეს პარლამენტში მივა

პანდემიის ფარგლებში დასუსტებული ეკონომიკა, ლარის კურსი და შეზღუდული ფრენები - ეს და სხვა შეკითხვები ექნება ოპოზიციას ეკონომიკის მინისტრთან. ნათია თურნავა, "ევროპული საქართველოს" ინიციატივით, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიდის. შეხვედრაზე დასწრებას აპირებს "ნაციონალური მოძრაობაც."

"კიდევ ერთხელ შევახსენებთ რა მოჰყვება იმას, როდესაც არ უჯერებ გონიერ ადამიანებს და ოპოზიციას. გავაფრთხილეთ, რომ იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას ეს შედეგი მოჰყვებოდა. შედეგი არის გაჩერებული ეკონომიკა, ჩამოშლილი ლარი. ძალიან სახიფათო ფაზაში შედის ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების პროცესი - ამ მიმართულებითაც არაფერი გაკეთებულა,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია აპირებს სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გადასახადების დაწევაზე გაამახვილოს. 

"ამ უკიდურესი გაჭირვების დროს, პანდემიის დროს, რომლის გამოც დაკეტეს ქვეყანა გაუაზრებლად და შერჩევითად, არც მომზადებულან მეორე ტალღისთვის, როგორც გაირკვა, უზარმაზარი ზიანი მიაყენეს ეკონომიკას, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ, რატომ არ წევენ გადასახადებს დაბლა, რატო არ ამცირებენ ბიუროკრატიულ ხარჯებს, რატომ არ ხსნიან ფრენებს,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დარწმუნებულია, რომ მინისტრს კითხვებზე პასუხი არ გაუჭირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ინტერპელაცია ოპოზიციის წყალობით უკვე თეატრალურ ხასიათს ატარებს. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ნათიას აქვს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომელიც არის მოთხოვნილი, თუმცა, ვიმედოვნებ, შინაარსიანი საუბრის მცდელობა იქნება, იმიტომ, რომ მომავალ პარლამენტშიც თუ შენარჩუნდა ოპოზიციური მიდგომის ის შინაარსი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ინტერპელაციას აზრი აღარ აქვს და შეგვიძლია თავისუფლად გადავიტანოთ თეატრალური ინსტიტუტის სარეპეტიციო დარბაზში, რადგან ის, ფაქტობრივად, გარე საზოგადოებაზე ზემოქმედებას ემსახურება მხოლოდ,"-განაცხადა რომან კაკულიამ.

დღის ამბები