26 ოქტომბერი 2020,   18:12
ვრცლად
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს - კანონპროექტი დაჩქარებულად განიხილება

დღეს პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტს დღეს მესამედაც მოუსმინონ და დაამტკიცონ.

ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და გასაჩივრების შესაძლებლობას ეხება.

კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისი პარტია ამ "ფარსში" მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო სისტემის ვითომ რეფორმა იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ივანიშვილმა უფრო განამტკიცოს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ეს არის დღეს მთავარი პრობლემა, რომელზეც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვახსენებენ მუდმივად. შესაბამისად, ამ ფარსში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, უმრავლესობამ ამ მიმართულებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და სასამართლო სისტემა კვლავ ე.წ. კლანის ხელში დარჩება.

"მთავარი რეკომენდაცია, რომელიც იყო ვენეციის კომისიისა და ეუთოს მხრიდან, რომ მოსამართლეების არჩევა ყოფილიყო გამჭვირვალე და შესაძლებელი ყოფილიყო დადგენა, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ, ისევ უგულებელყოფილია. ანუ, კლანი და ბიძინა ივანიშვილი კლანის ხელით იტოვებს უფლებას რომ ისევ დაფარული წესით აირჩიოს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ცვლილებების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი დაზუსტდეს.

"ამ ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კერძოდ, საკითხი შეეხება როგორც დასაბუთების საკითხს, ასევე, კანდიდატების მიერ გასაჩივრების საკითხს და კენჭისყრის ღიაობის საკითხის დაზუსტებას. ამ საკითხებს ჩვენ კონსულტაციების რეჟიმში გავდივართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები