22 ოქტომბერი 2020,   16:39
ვრცლად
სერგეი ლავროვი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო-რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი აღდგება, რადგან ხედავს იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 „ქართველებს დღესაც შეუძლიათ რუსეთში მოსვლა ვიზით, რომლის აღებისათვის მიზეზების ჩამონათვალი გაფართოებულია. ამჟამად პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუსეთში შემოსასვლელად. ვიზებს გასცემს ჩვენი ინტერესების სექცია თბილისში შვეიცარიის საელჩოში.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ამისთვის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიყავით  მზად, რამდენიმე ნაბიჯი გვაკლდა, რომ უვიზო რეჟიმი გამოგვეცხადებინა, მაგრამ მოხდა ის შემთხვევა რუსეთის ფედერალური საკრებულოს დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იყო ჩასული თბილისში -  ჯერ სავარძელში ჩასვეს, შემდეგ ამის გამო პრაქტიკულად შეეცადნენ ძალის გამოყენებას...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით, ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთლტოლვა გაიმარჯვებს. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, შერცხვენილნი იქნებიან.- აცხადებს ლავროვი.

მისივე თქმით, რუსეთს არასდროს არაფერი ჰქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„დღეს ცდილობენ საქართველო ისე გამოიყენონ, როგორც უკრაინას იყენებენ. უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი უდიდეს როლს ასრულებს. ახლახან ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინისათვის მიცემული ყოველი ტრანში მხოლოდ მოკლე ვადიანი იქნება - მიკროკრედიტების სახით, რითაც უკრაინა დაბმულივით იქნება, ჯაჭვი კი შეიძლება დაამოკლო. ასევე ხდება საქართველოს მიმართაც. ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ საქართველოს მიმართ ასეთი მიდგომა გამოვიყენოთ, არასდროს არაფერი არ გვქონია განზრახული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ მოხდა 2008 წლის მოვლენები - თუ როგორ წრთვნიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ არმიას. ამერიკელებისათვის მშვენივრად იყო ცნობილი მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა შეთანხმება და დანაშაულებრივი ბრძანება გასცა.

მას შემდეგ, რაც მშვიდობის დასამყარებლად იძულებითი ხუთდღიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდა, ევროკავშირმა ექსპერტების ჯგუფს სპეციალური მოხსენების მომზადება დაავალა, რომლის ხელმძღვანელად შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი მიიწვიეს - უნდა გამოკვლეულიყო 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო კოფლიქტის გენეზისი. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი გაკეთდა: ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. იგი ცდილობდა, რაღაცეების მომიზეზებას, რომ ვიღაცამ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ როკის გვირაბის იქით მხარეს მას ვიღაც ელოდებოდა... ეს ყველაფერი სიცრუეა და მეტი არაფერი.

ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია. მათ ცხოვრება უყვართ, შეიძლება იმავენაირად და იგივე გამოვლენებით, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს. მჯერა, რომ გადავლახავთ ამჟამინდელ ანომალურ სიტუაციას და ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს აღვადგენთ“.- აცხადებს ლავროვი.

 

დღის ამბები