28 ოქტომბერი 2020,   18:25
ვრცლად
ბაჩალიაშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი პროექტებიდან ერთი განეკუთვნება კატეგორიას Technology/Internet, ხოლო 3 კატეგორიას Pornography - პროკურატურა

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში და მობილურ ტელეფონში ჰაკერული პროგრამები არ დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება დღეს პროკურატურაში გაკეთდა. უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები, მათ შორის ერთი განეკუთვნება "Technology/Internet", ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: "Pornography".

"თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი "ეფლის" მარკის  პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ "სამსუნგი"-ს ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. "ჰაკერული" ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.

ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის   დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.

ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება "Technology/Internet", ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: "Pornography".- განაცხადეს პროკურატურაში.

დღის ამბები