22 ოქტომბერი 2020,   17:22
ვრცლად
ლაშა ცუცქირიძის ცოლი თავდასხმის დეტალებს იხსენებს - "შეიარაღებულები იყვნენ ე.წ. კასტეტით და ასევე, ჯამში იყო სამი ადამიანი"

ფიზიკური თავდასხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრზე - ლაშა ცუცქირიძეს უცნობი პირები თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც საბურთალოს პარტიის შტაბიდან მეუღლესთან ერთად შინ ბრუნდებოდა.

აქტივისტის მეუღლის განცხადებით, თავდამსხმელები შენიღბულები და რკინის საგნებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცუცქირიძის მეგობრები და თანაგუნდელები მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

"გადმოვედით ავტომობილიდან და მაშინვე დავინახე, რომ როგორც კი გადმოვედით, ორი ადამიანი იდგა იქვე ახლოს, ქუჩის კუთხეში და ეს ადამიანები მიზანმიმართულად დაიძრნენ ლაშასკენ და დაუწყეს მას ცემა. რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს ცემის პროცესი და ამის შემდეგ ისინი გაიქცნენ და შეეფარნენ მიმდებარე ქუჩას.

როგორც თვითონ ლაშამ აღნიშნა, შეიარაღებულები იყვნენ ე.წ. კასტეტით და ასევე ჯამში იყო სამი ადამიანი,“ - ამბობს ლაშა ცუცქირიძის მეუღლე, ლინა დოლიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ თავდასხმა პირდაპირ ლაშა ცუცქირიძის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.

"რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ლაშას პოლიტიკურ აქტიურობასთან, ის მუდმივად ფრონტის წინა ხაზზეა ყოველთვის და შესაბამისად, გადაწყვიტეს რომ ამ ფორმით გასწორებოდნენ. მერწმუნეთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა იმ დანაშაულებისთვის,  რომელიც ჩაიდინეთ, არა ლაშა ცუცქირიძის და ჩვენი თანამებრძოლის მიმართ, არამედ საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ამომრჩევლის მიმართ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. 

 

დღის ამბები