22 ოქტომბერი 2020,   17:06
ვრცლად
კორონავირუსის რეკორდული მონაცემები მსოფლიოში - განგაშის წითელი დონე ირანში და ანტირეკორდი საფრანგეთში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო თანამეგობრობას მასშტაბური ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ სოლიდარობით არის შესაძლებელი.

პარალელურად კი რეკორდულად იზრდება ვირუსის გავრცელების დინამიკა ევროპაში. საფრანგეთმა ბოლო 24 საათში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 13 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 154-ით გაიზარდა, რაც სექტემბერში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორონავირუსი დაუდგინდა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრსაც. შექმნილი ვითარების გამო საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვების დაწესება იგეგმება.

ერთ დღეში ინფექციის 2 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში. მზარდია მონაცემები დიდ ბრიტანეთში, რის გამოც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანაში მეორე ტალღა გარდაუვალია.

გაზრდილი სტატისტიკის გამო ახალი საკარანტინო შეზღუდვები წესდება მადრიდის ნაწილში. პანდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში სრულმასშტაბიანი შემზღუდველი ზომები ხელმეორედ ამოქმედდა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ირანში კი განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.

მონაცემების მიხედვით, რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რჩება შეერთებულ შტატებში, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აპრილის ბოლოსთვის კორონავირუსის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა ინდოეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსი 93 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. 

დღის ამბები