22 ოქტომბერი 2020,   19:56
ვრცლად
ჭიათურაში ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს.

მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს და 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები