30 ოქტომბერი 2020,   08:28
ვრცლად
ბიზნესმენების გატაცების საქმე - დღეს სასამართლო 4 დაკავებულიდან 3-ის პატიმრობის კანონიერებაზე მსჯელობდა

ბიზნესმენების გატაცების საქმე - დღეს სასამართლო 4 დაკავებულიდან 3-ის პატიმრობის კანონიერებაზე მსჯელობდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ფორმად სამივეს პატიმრობა განუსაზღვრა. ერთი ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა კი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებას არ ჰქონდა წარმოდგენილი საკმარისი არგუმენტები და ერთადერთი, რაც მათ გააჩნდათ იყო მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რომლითაც სასამართლოში საკუთარი სიზუსტის და სისწორის დამტკიცება საკმაოდ გაუჭირდებათ მაშინ, როდესაც დაცვის მხარეს ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები გააჩნია და ასევე გააჩნიათ ჩანაწერები, რომელიც მათ სიმართლეს ამტკიცებს.

"სასამართლოში წარმოვადგენთ ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებს, ასევე საქმეში არის უამრავი ჩანაწერი. ამ ჩანაწერების შინაარსი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ ინფორმაციას. საქმეში არსებობს უამრავი ვიდეოკამერით ჩანაწერი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ადასტურებს მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას. მე გეტყვით მოკლედ რა მოხდა: ამ ადამიანებს ჰქონდათ ბრალდებულების ვალი და როდესაც მოხდა ვალის მოთხოვნა იმისათვის, რათა აერიდებინათ ვალდებულება თავიდან და არ გადაეხადათ ვალი ამ ადამიანებისთვის, მათ განახორციელეს ტიპიური ცრუ დასმენა," - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

საპირისპიროს აცხადებენ ბრალდების მხარის წარმომადგენლები. პროკურორი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მათ გააჩნიათ სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც მათ მიერ წარდგენილი ბრალის სიზუსტეს ადასტურებს.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დაზარალებულებს გააჩნდათ 150 000 აშშ დოლარის ვალი ბრალდებულებთან, პროკურორი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოზე მოისმინა, გადაამოწმებენ, შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში მას შესაძლოა რეაგირებაც კი მოჰყვეს.

"მოპოვებული არის არა ერთი ვიდეოჩანაწერი, არა ერთი დაწესებულებიდან გამოთხოვილი, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების სახით დამაგრებული არის "შანგრილადან" გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც დაზარალებულები მიუთითებენ გამოკითხვის ოქმში, ცალსახად დასტურდება ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმითაც.

სასამართლო პროცესზე გაჟღერდა ის პოზიცია, თითქოს დაზარალებულებს გააჩნდათ მათ მიმართ გარკვეული ფინანსური ვალდებულება, რაც, რა თქმა უნდა, არ არის დაფიქსირებული დაზარალებულთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, თუმცა ვინაიდან ბრალდებულები მიუთითებენ ამ კონკრეტულ გარემოებაზე, რა თქმა უნდა გამოძიება დაინტერესდება ამ საკითხით, საგამოძიებო მოქმედებებს ჩავატარებთ და თუ რაიმე სხვა გარემოება გამოიკვეთება და დაფიქსირდება, შესაბამისი სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა ამ სისხლის სამართლის საქმეს," - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი. მათ შორის არიან პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმა და დაცვის სამი წევრი.

დღის ამბები