26 ოქტომბერი 2020,   18:02
ვრცლად
ტაჯიკი ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვისა და გატაცების საქმეზე მეოთხე ბრალდებული დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება

ტაჯიკი ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული დღეს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

ანალოგიური ბრალდებით დაკავებულ 3 პირს გუშინ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებებს უარყოფს ერთ-ერთი დაკავებულის ძმა, ვახტანგ ფარეულიძე. მისი მტკიცებით, მანქანაში ნაპოვნი ფული მას ეკუთვნის, რაც შეეხება იარაღს, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი კანონიერია.

"კურიერმა" დაზარალებულების ჩვენება მოიპოვა, სადაც ნათქვამია, რომ გამტაცებლებმა ტაჯიკი ბიზნესმენები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ბრალდებას არ ადასტურებენ დაკავებულები და დუმილის უფლებას იყენებენ.

"სიტუაციას ნუ გადაიტანენ პოლიტიკურ ჭრილში. ისმება კითხვები თუ რა მოტივით უნდა დააკავონ ბიჭები, რა თქმა უნდა, ამის მოტივი ტაჯიკი მოქალაქეების ცრუ ჩვენებებია. რაც შეეხება მანქანაში აღმოჩენილ დიდი რაოდენობით თანხას, გამოტანილი მაქვს ამ თვის 18 რიცხვში TBC ბანკიდან. ამასთან, კითხვებია იარაღზე, თუ რატომ ჰქონდათ დაკავებულებს მანქანაში, მინდა აღვნიშნო, რომ ორივე სანადირო თოფი გაფორმებულია. სოფელში სანადიროდ ვაპირებდით წასვლას და თან გვქონდა. ასევე იყო, ორი გაფორმებული პოსტოლეტი, რომელსაც გაზის პისტოლეტს ეძახიან," - აცხადებს დაკავებულ ბაქარ ფარეულიძის ძმა ვახტანგ ფარეულიძე.

დაკავებულის ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გამამართლებელი განაჩენი დადგება. 

"პირის დაკავება მოგვიანებით მოხდა და გამომდინარე აქედან, პირველი წარდგენის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. ამ სხდომის შემდეგ გადაწყდება შეეფარდება თუ არა მას პატიმრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან ისევე, როგორც სამი ბრალდებულის მიმართ, მის მიმართაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები," - აღნიშნავს დაკავებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ბრალდებულების დასაკავებლად ოპერაცია თბილისის რამდენიმე უბანში და ახმეტის ცენტრში ჩატარდა.

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის არიან პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმა და დაცვის სამი წევრი.

დღის ამბები