28 ოქტომბერი 2020,   19:11
ვრცლად
გავცემ იმ კითხვებს პასუხს, ვისი დავალებით, რომელი დავალებით, ვიცოდი თუ არ ვიცოდი - მიხეილ რამიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი იკითხება. ეკა ქობესაშვილთან დაკავშირებით კითხვები სატელიტის იმ ფოტოს გავრცელების შემდეგ გაჩნდა, რომელზეც პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნით თქვა, რომ ყალბია. დღესვე დაიკითხება მიხეილ რამიშვილიც, რომელმაც გუშინ უარი თქვა დასწრებოდა პროცესს, რა დროსაც გამოძიება მისი ტელეფონიდან დავით ფურცხვანიძის მიმოწერებს ამოიღებდა.

"პროკურატურამ იცის კარგად, მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ უკვე მივაწოდე ეს ინფორმაცია და შედგა გასაუბრების ოქმი, თუმცა, მათ თუ დამატებითი კითხვები აქვთ, მე შემიძლია ვუპასუხო. ჩემი და მიხეილ რამიშვილის დაბარება სასამართლოში და თუნდაც საგამოძიებო უწყებაში, არის არასწორი ქმედება, ჩვენ ვართ ადვოკატები და ვახორციელებთ პროფესიულ საქმიანობას და პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს იმაზე წვდომა, ჩვენ რა ინფორმაცია გვაქვს დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჯობდა პროკურატურას უფრო მეტი დეტალიზაცია გაეკეთებინა, ჩვენ მტკიცებულებები არ წარგვიდგენია, ჩვენ წარვადგინეთ ინფორმაცია, ბატონმა მიხეილმა ინფორმაცია მიაწოდა ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ის ისევ ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი გარკვეულ პერიოდამდე მაწევანის ტყეში არ იყო.

"გავცემ იმ კითხვებს პასუხს, ვისი დავალებით, რომელი დავალებით, ვიცოდი თუ არ ვიცოდი. ყველამ ძალიან კარგად იცის რას ემსახურებოდა სატელიტიდან ეს ფოტო და რამდენად მინდა რომ არსებობდეს ეს ფოტოსურათი და რამდენად არ უნდა გამოძიებას, რომ იყოს ეს ფოტოსურათი. მე იმას კი არ ვამტკიცებ ყალბია თუ არა, ვამტკიცებ იმას, რომ ავტომობილი იქ არ იდგა," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროკურორის თქმით, დღევანდელი დაკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება, რომლის მტკიცებულებების სახით საქმეზე დართვასაც ითხოვდა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი.

"ჩვენ ბატონმა მიხეილ რამიშვილმა წარმოგვიდგინა ფოტოსურათები და მოითხოვა საქმეზე მტკიცებულებად დართვა, მოგეხსენებათ მიხეილ რამიშვილი გახლავთ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი, სხვა მოცემულობას ჩვენ ვერ მივიღებთ, ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი. მან როგორც ადვოკატმა მოიტანა ჩვენთან ფოტოსურათები და მოითხოვა რომ მიგვეღო მოცემულობად, შეგვესწავლა გარემოება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 2020 წლის 19 ივლისს მაწევანის ტერიტოიაზე არ იმყოფებოდა. ეს გვაქვს ჩვენ მოცემულობად და სხვა განმარტებას რას აკეთებს ადვოკატი თქვენს წინაშე ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ვართ," - აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

ბაჩალიაშვილების საქმის ადვოკატების, ეკა ქობესაშვილისა და მიხეილ რამიშვილის სასამართლოში გამოკითხვის პარალელურად მათი მხარდასაჭერი აქციაც გაიმართება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ადვოკატების გამოკითხვას მათზე ზეწოლად აფასებენ.

დღის ამბები