28 ოქტომბერი 2020,   19:45
ვრცლად
"შრომის კოდექსში" შრომის ინსპექციის გაძლიერება დამსაქმებლებზე წნეხს ზრდის - ოთარ კახიძე

"შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა ისედაც კრიზისულ მდგომარეობაშია, სამუშაო რეგულაციების გამკაცრება, დარტყმა იქნება ბიზნესზე. 

"შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის გაძლიერება ზრდის წნეხს დამსაქმებლებზე. დღეს, როდესაც არის უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი და მინუსებში მიდის ეკონომიკა და ყოველდღიურად იკარგება სამუშაო ადგილები, მსგავსი ტიპის გამკაცრება სამუშაო რეგულაციების, არის მორიგი დარტყმა ბიზნესზე, მორიგი უგუნური, არაკომპეტენტური ნაბიჯი და ეს კი არ გააუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს, პირიქით, დაკარგავს სამსახურებს და ხელს შეუშლის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, მომდევნო სესიაზე პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭიროს.

 „ჯანდაცვის კომიტეტმა და ინიციატორებმა ამ კანონის, უზრუნველყვეს ძალიან გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რასაკვირველია. ეს პროცესი გრძელდება, უკვე ორი მოსმენით გვქონდა პარლამენტის სხდომაზე განხილვა და დავუჭირეთ მხარი. დღეს მესამე მოსმენით განიხილავს ჯანდაცვის კომიტეტი, ვინაიდან მომდევნო კვირას იქნება ეს საკითხი სესიის დღის წესრიგში შეტანილი,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს  მესამე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი. ცვლილებებით, ძლიერდება შრომის ინსპექციის უფლებრივი მდგომარეობა, ასევე იზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაც. 

დღის ამბები