24 ოქტომბერი 2020,   19:26
ვრცლად
ვისაც ჰქონდა იმედი, რომ სააკაშვილთან რამე შეთანხმებას მიაღწევდა, ახლა იმკის მძიმე შედეგებს - დავით უსუფაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ინფორმირებული არ იყო. გავრცელებული ინფორმაციის წინააღმდეგ, მსგავსი მოლაპარაკებების არსებობას უარყოფენ თავად "ევროპულ საქართველოში".

პოლიტიკური სპექტრის ნაწილის განცხადებით კი, ვინ ვისთან დაიწყებს მოლაპარაკებას, მათთვის უმნიშვნელოა.

"ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვითანამშრომლებთ ყველასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და არა საარჩევნო ტაქტიკასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით. ამიტომ "ლელომ" არ მიიღო მონაწილეობა არც მაჟორიტარულ კანდიდატებთან შეთანხმების პროცესში. 

ვისაც ჰქონდა იმედი, რომ სააკაშვილთან რამე შეთანხმებას მიაღწევდა და ახლა იმკის ძალიან მძიმე შედეგებს, ეს მათი არჩევანია და პასუხიც თავად უნდა აგონ," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა. 

"ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ სრული უფლება აქვთ გაწიონ ერთმანეთთან კონსულტაცია, ილაპარაკონ იმის შესახებ, რომ ერთ ბლოკად, ერთ სიად გამოვიდნენ. როგორც წესი, ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ. მოჩხუბარი ცოლ-ქმარივით არიან, ხან შერიგდებიან, ხან გაეყრებიან," - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა" გიორგი გუგავამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძის თქმით, ეს არანაირად გადაკვეთაში არ არის საერთო ოპოზიციურ ფორმატთან.

"რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე" ხათუნა სამნიძე აღნიშნულში პრობლემას ვერ ხედავს.

მედია კი იმის გარკვევას ცდილობს, რა ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობდა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ შეთავაზებაში იყო საერთო სიის ფორმირება და კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებზე. ასეთი ტიპის მოლაპარაკებებს უარყოფს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

დღის ამბები