20 ოქტომბერი 2020,   13:43
ვრცლად
ერგნეთში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა უკანონო ტყვეების გათავისუფლება იქნება

ერგნეთში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა უკანონო ტყვეების გათავისუფლება იქნება.

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ამ დრომდე რამდენიმე მოქალაქე რჩება. მათ შორის ზაზა გახელაძე, რომელიც ოკუპანტებმა ივლისში დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს.

ასევე, ხვიჩა მღებრიშვილი, რომელსაც აბსურდული ბრალდებით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ქართული მხარე აპირებს, ეს საკითხი შეხვედრაზე მწვავედ დააყენოს. 

"განსახილველ საკითხთა შორის პრიორიტეტულია უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც გარკვეული ქმედებების გამო, უაღრესად არის დაზიანებული. მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს, რომელიც რამდენიმე წელია განიცდის დევნა,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

ერგნეთში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც დიპლომატი ამბობს, ისინი ამ ადამიანების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ. 

"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაკავებულები არიან სამხრეთ ოსეთში, ეს არის საკითხი, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით. ევროკავშირი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ დავეხმაროთ მათ გათავისუფლებაში," - აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები