24 ოქტომბერი 2020,   19:33
ვრცლად
"არანაირი დოკუმენტი, არანაირი ფაქტი არ იქნება არასდროს დამალული" - კახა კუჭავა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ "დღის კურიერის" ეთერში აზერბაიჯანულ დელეგაციასთან შეხვედრაზე და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც შეხვედრის დროს იმსჯელეს.

"ბევრი საკითხია, რომელზეც მსჯელობა აუცილებელი იყო პირისპირ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველას გვაინტერესებს იყო დავით გარეჯთან დაკავშირებული. მოვისმინეთ 2 ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, პირველი, რომ კომისიის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მეორე, რომ გარკვეული ახალი გარემოებებია გამოკვეთილი, რომელიც დოკუმენტაციის სახით გადაეცა აზერბაიჯანის მხარეს,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავამ თავი შეიკავა გადაცემული მასალების შინაარსის დაკონკრეტებაზე, მათ შორის არ დააზუსტა არის თუ არა ეს დოკუმენტაცია კარტოგრაფიული მასალა.

"ჩვენ დეტალებზე ამ საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ პარტნიორი და მეზობელი ქვეყნები, ვართ ძალიან ახლო მეგობარი ერები, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული იქნება:

"ჩვენი საზოგადოების, პარლამენტის უფლება არის რომ ვიცოდეთ რა არის ის საკითხები, რომელზეც ისინი მსჯელობენ, მით უმეტეს რომ ახალი გამოვლენილი ფაქტები არსებობს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში, როდესაც ამის კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს გახდება ღია. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას გავიგებთ, როდესაც ამას გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების შედეგად ქართული და აზერბაიჯანული მხარე,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

კითხვაზე ამ თემაზე საუბრისგან თავის შეკავება არის თუ არა აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნა, კახა კუჭავა განაცხადა, რომ ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, რაც შეეხება ამ თემის ღიაობას კახა კუჭავას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და შესაბამისად საზოგადოებისთვის არაფერი არ იქნება დამალული:

"არანაირი დოკუმენტი, არანაირი ფაქტი არ იქნება არასდროს დამალული," - განაცხადა კახა კუჭავამ და აღნიშნა, რომ ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული პარლამენტიც.

 

დღის ამბები