22 ოქტომბერი 2020,   16:58
ვრცლად
Survation-ის კვლევას ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა - მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, შედეგი რეალურ სურათს არ ასახავს

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევას, რომელიც წინასაარჩევნო განწყობებს ეხება, ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.

"დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?" - ექვს მაჟორიტარულ ოლქში გამოკითხული 1800-მოქალაქიდან უმეტესობამ დადებითი პასუხი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ დააფიქსირა, რაც მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, რეალურ სურათს არ ასახავს.

"თქვენ მეკითხებით კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ ფოთში, ხობში, სენაკში და აბაშაში ერთი ადამიანი არაა დედამიწის ზურგზე, რომელიც მე ხმას მაძლევს? ამ დროს ხობში გვყავს 26 მაისის მონაწილე შტაბის უფროსი და იქიდან მოყოლებული ხალხი მუდმივად ჩვენ გვერდითაა. აბაშაში მხარდამჭერები გვყავს, სენაკშიც, ფოთშიც და ყველგან. საერთოდ იცით რაშია საქმე, ნულოვანი ჩვენება კვლევებში არ იწერება ხოლმე და ოცნება ლამის გამოძვრეს ტყავიდან, რომ საქართველოს მოსახლეობას უთხრას, რომ თვითონ იგებს და პირობითად ბურჯანაძეს საერთოდ ერთი მომხრეც არა ჰყავს ამ ოფისშიც კი. გადაგეხევათ თავზე ეგ კვლევები, დიდი ბოდიშის მოხდით, არცთუ ისე ჩემთვის შესაფერი ლექსიკისთვის," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მას კითხვის ნიშნები აქვს როგორც კვლევის დამკვეთთან ასევე საველე სამუშაოებთან და კითხვის ფორმირებასთან დაკავშირებითაც, ამიტომ ეს კვლევები მასში ნდობას ნაკლებად იწვევს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის დამკვეთი, ვინ ასრულებს საველე სამუშაოს  და როგორ ხდება კითხვების ფორმირება. მე ძალიან ბევრი კითხვები მაქვს აღნიშნულ სამივე საკითხთან დაკავშირებით ამ კვლევასთან მიმართებაში და ამიტომ ვირჩევ ვენდო იმ კვლევებს, რომელსაც ატარებენ მაღალი სანდოობის და მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციები, როგორიცაა NDI, IRI, როგორიცაა IPSOS-ი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვის ნიშნები აქვს მეთოდოლოგიასთან და კვლევების ჩამტარებელ ორგანიზაციასთან "ევროპული საქართველოს" წევრ ლევან თარხნიშვილსაც:

"ჩვენ ვნახეთ კვლევები, რომელიც არის დაკვეთილი დამოუკიდებელი ტელევიზიების მიერ დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ჩატარებულია კარგად ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ღია მეთოდოლოგიით. მეთოდოლოგია, რომელიც არ ვიცით რაზეა დაფუძნებული კომენტარს ვერ გავაკეთებ,  ვერ გავაკეთებ ორგანიზაციაზე კომენტარს, რომელზეც ასევე ბევრი არაფერი არ ვიცი," - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

დღის ამბები