22 ოქტომბერი 2020,   17:24
ვრცლად
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

რუსეთის უკანონო ბორდერიზაცია, პროვოკაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაცია და შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. გიორგი გახარიამ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ ნაბიჯებზე ისაუბრა. პანდემიის გამო, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

გიორგი გახარიას გამოსვლას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და უმრავლესობაში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს საქართველოს საკითხის ნაკლები აქტუალიზაციის გამო აკრიტიკებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას გამოსვლას არანაირი საერთაშორისო რეზონანსი არ ექნება, რადგან საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და დემოკრატიული მთავრობით ჩანაცვლების მოლოდინში არიან:

"რამდენ ვირტუალურ თუ რეალურ ტრიბუნაზეც არ უნდა გამოვიდეს გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დარჩენილ 4 კვირაში, ამას არანაირი  საერთაშორისო რეზონანსი არ ექნება, იმიტომ რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება 31 ოქტომბრის არჩევნებით და მოძალადე გახარიას, რომელიც არის არქიტექტორი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ყველაზე სისხლიანი ღამის 20 ივნისის მოვლენების, ჩანაცვლდება ნორმალური, დემოკრატიული მთავრობით,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველო საკითხის გააქტიურებისთვის აუცილებელია ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს, რასაც მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს:

"მთავარი აქცენტი არის ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქტუალიზაცია უნდა მოახდინოს ჩვენი პრობლემების და როგორც არის რუსეთის ფედერაციაზე დადებული ძალიან მტკივნეული სანქციები, ამის ნაწილი საქართველო არაა და უნდა იყოს. ჩვენ უკრაინის მხარდამხარ უნდა ვიყოთ ამ დღის წესრიგში და არ ვართ იმიტომ რომ გავრილოვის ხელისუფლება გვყავს სამწუხაროდ," - განაცხადა ოთარ კახიძე.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას COVID-19-ის ქოლგის ქვეშ ცდილობს, თუმცა მისივე განმარტებით, ქვეყანას კორონავირუსის გარდა არანაკლებ მძიმე პრობლემებიც აწუხებს:

"გასაგებია, რომ ბატონი გახარია ცდილობს რომ ყველაფერი, ამინდიც რომ კარგია ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს დააბრალოს. ვერანაირად ვერ ჩაიწერს ქულებს ქართული ოცნება პროპორციული სისტემის მიღებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება COVID-19-ს, ხელისუფლება ცდილობს, რომ COVID-19-ის ქოლგით ჩაატაროს არჩევნები. გარდა კოვიდისა არსებობს სხვა პრობლემებიც ცოცხალ ადამიანს ჭამა სჭირდება , შვილების გამოკვება სჭირდება და როცა ლარის კურსს, ცარიელ ჯიბეს და ცარიელ მაცივარს შეხედავს, ნამდვილად არ დაუჭერს მხარს ხელისუფლებას," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარიას გამოსვლა  მკაფიო და პრინციპული გზავნილებით გამოირჩეოდა:

"პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან და ხაზი გაუსვა ამ მხარდაჭერის მნიშვნელობას," - აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

პრემიერის გამოსვლაში სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე აკეთებს აქცენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი:

"პირველ ყოვლისა, მან ისაუბრა საერთო გამოწვევებზე, კორონავირუსის პანდემიაზე, მასთან ბრძოლაზე და ამ მხრივ საქართველოს გამოცდილებაზე. გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან საუბარი შეეხო რუსეთის უკანონო ქმედებებს, მის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, დეზინფორმაციულ კამპანიას და კიბერშეტევის განხორციელებას. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებზე. პრემიერმა გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართა ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, რომ საქართველოს სურს და საქართველოს შეუძლია, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთის და მონაპოვრის გაზიარება, როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე – ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შეთანხმების, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის გაზიარება" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები