22 ოქტომბერი 2020,   17:11
ვრცლად
სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის საუბრობს, რომ მას და მის გუნდს კოვიდთან ბრძოლის სტრატეგია აქვს, რაც პირველ რიგში რუსეთიდან ტურისტების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილი მასთან ბრძოლაში დაცვის პირველ ხაზად ოპოზიციის ნაწილს იყენებს, რომლებსაც მიცემული აქვთ დავალება რომ მიხეილ სააკაშვილი ლანძღონ.

"დაცვის პირველ ხაზად ისინი იყენებენ ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს, რომელთაც აქტიურად მისცეს დავალება სააკაშვილის ლანძღვის, ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს. ივანიშვილმა იცის რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა სწორედ ჩემი პიროვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა, ეს არის ის რაც არის დაკავშირებული ჩემთან," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის არ აპირებს რევანშს და ოცნების ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათი სასჯელი საქართველოს წინსვლა იქნება.

სააკაშვილის თქმით, ახლო მომავალში იგეგმება ჩანაწერების გამოქვეყნება და წინასაარჩევნოდ ბილბორდებზე მისი ნეგატიურ კონტექსტში გამოხატვა, თუმცა მისი განცხადებით ეს ქართველი ხალხის არჩევანზე ვერ იმოქმედებს.

"რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდებზე, მით უმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ საარჩევნო რეკლამებში ჩემი ჩვენება, მით უფრო კარგი ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, თქვენს დროს შემცირდა; ჩვენს დროს იყო სწრაფი პროგრესი და თქვენს დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენს დროს მოხდა აღორძინება და მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ქართველური ტრადიციული ფასეულობების. ჩვენს დროს აღდგა ბაგრატი და ასეულობით სხვა ძეგლი და თქვენ გაანადგურეთ გელათი," - აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით მომავალი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია რადგან არჩევანი კეთდება გამარჯვებასა და მომავლის სიკვდილს შორის

დღის ამბები