24 ოქტომბერი 2020,   20:09
ვრცლად
27 წელი სოხუმის დაცემიდან - გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად პოლიტიკოსები და მოქალაქეები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ

ადამიანები, რომლებმაც ოჯახის წევრები აფხაზეთის ომის დროს დაკარგეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. მათ შორის მრავლად იყვნენ ისინი, ვინც საომარი მოქმედებების დროს უშუალოდ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. 27 წლის წინანდელი მოვლენები მათ ცხადად ახსოვთ. ამბობენ, რომ დრო გადის, თუმცა ემოციები უცვლელი რჩება.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო პრემიერ-მინისტრმა, აღმასრულებელი მთავრობის წევრებთან ერთად. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ აფხაზებმა და ქართველებმა, უკეთესი ქვეყნის შექმნისთვის ერთობლივად უნდა იშრომონ, რომ მისი თქმით, ყველამ ერთად იცხოვროს ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ, ევროპულ სახელმწიფოში.

ომის შედეგად ერთმანეთისგან გაყოფილი საზოგადოების შერიგების აუცილებლობა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - ასეთი იყო იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მთავარი გზავნილები, რომლებიც გმირთა მემორიალთან დღეს იმყოფებოდნენ.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. სამხედრო დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 000 დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

დღის ამბები