26 ოქტომბერი 2020,   17:27
ვრცლად
შაქარაშვილის საქმე -  ვახტანგ ჩიქოვანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ადვოკატთა ნაწილი კონკრეტულ შუამდგომლობებს წარადგენს. მათ შორის არის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებითაც, თუმცა როგორც პროკურორი გიორგი მუკბანიანი აცხადებს, საპროცესო შეთანხმების პირობას წარმოადგენს ბრალდების აღიარება, რაც ჯერჯერობით არცერთი ბრალდებულის მხრიდან არ ყოფილა:

"წინა სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობები მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ, ასევე დაცვის მხარემ დააყენა. შესაბამისად დღეს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე იმსჯელებს საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხზე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმების პირობას წარმოადგენს ბრალდების აღიარება, რაც დღეის მდგომარეობით სახეზე არაა, შესაბამისად არ განიხილება აღნიშნული საკითხი," - განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ წინასასამართლო სხდომის დასკვნით ეტაპზე მოსამართლე მხარეებს შესთავაზებს, ხომ არ სურთ ბრალდებულებს, რომ მათი საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მოხდეს. როგორც ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, ისინი ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვას არ აირჩევენ, საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების წინასწარი უარყოფითი განწყობის გამო.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არის, რომ არ ირჩევს ნაფიც მსაჯულთა განხილვას დაცვის მხარე, ანუ სასამართლო განიხილავს. ამ გადაწყვეტილების  მთავარი არგუმენტაციაა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი დაკავებულის მიმართ არის უარყოფითი საკმაოდ, რაც საქმის ობიექტურად განხილვის იმედს არცერთ ადვოკატს არ გვიტოვებს," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დღის ამბები