26 ოქტომბერი 2020,   18:11
ვრცლად
"მაქსიმალური ინფორმაცია, რაც შემეძლო მივეცი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროგრამისტის გამოკითხვა დასრულდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროგრამისტ გიორგი ლუბარეცის გამოკითხვა დასრულდა. დაკითხვას მოწმე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დათანხმდა. საქმის ერთ-ერთმა ახალმა ფიგურანტმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რა მოტივით ეძებდა იგი თამარ ბაჩალიაშვილის ადგილსამყოფელს გუგლის საშუალებით. 

ადვოკატის, ვანო ჩიტაშვილის თქმით, გამოძიება, ასევე, დაინტერესდა, იცნობდა თუ არა კონკრეტულ ჟურნალისტებს - ელისო კილაძეს, აგრეთვე - ნოდარ მელაძეს და სხვა პირებს. 

"დღეს დაბარებული იქნა სასამართლოში ჩვენების მისაცემად. მან სრულყოფილად მიაწოდა ის ინფორმაცია, რასაც ის ფლობდა, ითანამშრომლა მაქსიმალურად გამოძიებასთან და ამით დასრულდა მისი გამოკითხვა. ასევე, სურვილი ჰქონდათ გაეგოთ, იცნობდა თუ არა კონკრეტულ ჟურნალისტებს - ელისო კილაძეს, აგრეთვე ნოდარ მელაძეს და სხვა პიროვნებებს. გიორგი შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს ის, რომ მისი ტელეფონი არის ამოღებული. დღეს ჩვენ გაგვიჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლებელია მისი სახლიდან ამოღებული იქნას ასევე პერსონალური კომპიუტერი და იმის გამო, რომ გიორგი არის პროგრამისტი, მას ხელი შეეშლება საქმიანობაში,“ - განაცხადა ადვოკატმა, ვანო ჩიტაშვილმა. 

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ამბობს, რომ გამოძიებას მიაწოდა ყველა ის ინფორმაცია, რასაც თავად ფლობდა. 

"მაქსიმალური ინფორმაცია, რაც შემეძლო, მივეცი, რაც მე ვიცი და რაც მაქვს. ასევე ვუთხარი, რომ შემიძლია ნებისმიერი გაგზავნილი მეილი, რამე თუ აინტერესებთ, შემიძლია მივაწოდო ეს. ამაზე პრობლემა არ მაქვს, თუმცა ის, რომ ჩემი მობილური გახსნან და ყველაფერი ნახონ იქ, ამაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ამის უფლებას არ მივცემ არც ლეპტოპის, არც კომპიუტერის, არც მობილურის შემთხვევაში,“ - განაცხადა გიორგი ლუბარეცმა.

დღის ამბები