30 ოქტომბერი 2020,   08:59
ვრცლად
ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს NATO-ში საქართველოსთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადება და აქცენტი იმაზე, რომ არჩევნები არის ტესტი ქვეყნისთვის, "დღის კურიერში" ექსპერტებმა შეაფასეს. სფეროს ექსპერტების მოსაზრებით მნიშვნელოვანია საქართველომ ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის მოხდეს კონსენსუსის მიღწევა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების გატარება განაგრძოს და არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩაატაროს.

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, "სექტორი 3"-ის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა ხაზს უსვამს იმას, რომ მსგავსი მაღალი რანგის შეხვედრა პანდემიის პირობებში შედგა და აქედანაც ჩანს ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა.

"ის პროცესები რაც მიმდინარეობს ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ის თუ როგორ განხორციელდება საქართველოში მომდევნო რეფორმები, როგორ ჩატარდება არჩევნები, ყველაფერს ექნება რა თქმა უნდა გავლენა ჩვენი ინტეგრაციის პროცესზე. დღეს შეიძლება ითქვას რომ საქართველო არის ყველაზე ახლოს NATO-სთან, რაც ვყოფილვართ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური შეფასებები, რაც მოვისმინეთ ჩვენი რეფორმების შესახებ იყოს გარდასახული ჩვენი მხრიდან მაქსიმალურის გაკეთებით და მნიშვნელოვანია ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ყველამ ერთად მოვახერხოთ და გამოვიყენოთ მომენტუმი და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კონსენსუსის მშენებლობას NATO-ში. საქართველოს გაწევრიანება პირველ რიგში დამოკიდებული იქნება კონსენსუსზე," - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემაც:

"NATO არის ღირებულებათა ალიანსი, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი. ქვეყანა თუ არ აკმაყოფილებს დემოკრატიის სტანდარტებს NATO-ზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება. ის მინიშნება, რომელიც გააკეთა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატავდა იმ მოლოდინს რა მოლოდინიც აქვს NATO-ს, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. NATO-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრიუსელთან ურთიერთობა, არამედ იმ ქვეყნების დედაქალაქებთანაც, რომლებიც წარმოადგენენ NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც ე.წ კონსერვატორებად, თუ სკეპტიკოსებად არიან მოხსენიებულნი. ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებულია სხვა დედაქალაქებში,"- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები