22 ოქტომბერი 2020,   20:22
ვრცლად
სჭირდებათ თემა ყურადღების გადასატანად, რომ "ნაცმოძრაობა" თავის მართლების რეჟიმში ჩაააყენონ - ლევან ბეჟაშვილი პროკურატურის განცხადებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დავით გარეჯთან დაკავშირებით, უწყებაში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ამ საკითხით ხელისუფლება ცდილობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავის მართლების რეჟიმში ჩააყენოს და ბრალი დასდოს.

ბეჟაშვილმა ასევე გაიხსენა, რომ 2016 წლის არჩევნებზე მისი თანაპარტიელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იმავეს ცდილობს ხელისუფლება.

ჩვენ კარგად ვხვდებით რას უკავშირდება ეს განცხადება. ყველამ იცის, რომ გარეჯთან დაკავშირებით არის საზოგადოების უკმაყოფილება. ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს საკითხი დაერეგულირებინა, ამიტომ მათ სჭირდებათ საკითხი, თემა ყურადღების გადასატანად იმისათვის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ და ბრალი დასდონ. 2016 წლის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების, შეთქმულების ორგანიზებაზე, ხდებოდა კანდიდატებისა და აქტივისტების დაბარება მოდულის შენობაში, დაკითხვები და ასე შემდეგ, ესეც ანალოგიური თემა არის, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ პიარზე. 8 წლის მანძილზე ეს საქმე ვერ გამოიკვლიეს და გამოიძიეს და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხდება ამ თემის განცხადება და სისხლის სამართლის საქმის აღძრა. დღეს უკვე ამ ტყუილებს არავინ აღარ ჭამს, საქართველოში უკვე აღარ ბნელა, ნელ-ნელა თენდება და 31 ოქტომბერს ნამდვილად გათენდება," - განაცხადა ბეჟაშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების ინტერესს წარმოადგენს დემარკაციის კომისიის 2006-2007 წლების საქმიანობა.

დღის ამბები