22 ოქტომბერი 2020,   19:33
ვრცლად
ძალადობა ჩვენი სტილი არ არის, ძალადობა "ნაცმოძრაობის" სტილია - ზაურ დარგალი

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მარნეულში დაპირისპირების დროს მასაც მიაყენეს დაზიანებები. მისი განცხადებით, ის მთელი ღამის განმავლობაში მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდა და ჩვენება მისცა გამომძიებლებს.

მუმლაძე ასევე ამბობს, რომ პოლიციელებმა მას ვიდეომასალა აჩვენეს, მისი თქმით, 10 პირის ამოცნობა შეძლო, რომლებიც დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას, ერთ-ერთი კი მუმლაძის მტკიცებით, არის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.

"მანახეს რამდენიმე ვიდეომასალა, რომელიც მათ აქვთ როგორც საგამოძიებო მტკიცებულება და მინუმუმ 10 ადამიანი იდენტიფიცირებულია, რომელიც ორგანიზებულ თავსხმაში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი იყო ამირან გიორგაძე, იყო გიორგი შუბითიძე, ასევე შერმადინ ბოჭოიძე და ცოტნე ბოჭოიძე, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ მასზე იძალადეს, დღის პირველ ნახევარში საოლქო კომისიაში და შემდეგ კადრებში პირდაპირ ჩანს როგორ ესხმის თავს მანქანას, როგორ ცდილობს გადმოათრიოს მანქანიდან ერთ-ერთი ადამიანი," - განაცხადა მუმლაძემ.

პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" აზერ სულეიმანოვის თქმით, პარტია აპირებს, რომ შეხვედრა გამართოს ელჩებთან და ასევე ითხოვენ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, რომელიც დაპირისპირების შემდეგ არიან იდენტიფიცირებულები.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" წევრების პოზიციას, ზაურ დარგალის თქმით, პარტია გმობს ყოველგვარ ძალადობას.

"ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ძალადობა არ არის ჩვენი სტილი, ძალადობა არის "ნაციონალური მოძრაობის" სტილი, რომელიც დილიდან პროვოკაციას აწყობდა "ქართული ოცნების" შტაბის წინ. ჩვენ მშვიდობიან გარემოში ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და ვართ იმის გარანტი, რომ არანაირი პროვოკაცია არ მოხდეს. ამირან გიორგაძე არის ჩემი შტაბის ხელმძღვანელი, ღირსეული ადამიანი. როცა ხდება ჩხუბი შტაბის წინ და შტაბის უფროსი არის შტაბში, თავისთავად, გარეთ გამოვა და ეცდება რომ სიტუაცია არ დაეძაბოს. ვის უცდია ნეიტრალიზება სიტუაციის, ვის არა, მაგას გამოძიება დაადგენს," -განაცხადა პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალმა. 

 

დღის ამბები