22 ოქტომბერი 2020,   19:04
ვრცლად
არ არსებობს შეთანხმება, კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია - ნინო კალანადაძე

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი  მოადგილე ეხმაურება. 

ნინო კალანდაძე, როგორც დიპლომატი, აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია აზერბაიჯანთან შეთანხმების ნაწილში. ნინო კალანდაძე ამბობს, რომ გაუგებარია, რა შეთანხმებაზეა საუბარი იმ დროს, როდესაც კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია. 

"არ არსებობს შეთანხმება, კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა, საზღვრები არ არის შეთანხმებული. ეს 70 კილომეტრიანი მონაკვეთი არის ჯერ კიდევ შეუთანხმებელი, გარეჯის ნაწილიც, მათ შორის. კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის ორმხრივად სენსიტიური საკითხი. პირველი, ეს ეხება სახელმწიფო ტერიტორიებს, რომლის დათმობა ასე მარტივი, არც ერთი სახელმწიფოსთვის არ არის და საქართველომ იქამდე უნდა გაწელოს ეს მოლაპარაკება, ვიდრე არ გამოივაჭრებს მომგებიან პოზიციას და მეორე, იმიტომ რომ კულტურულ-ისტორიულ მონაკვეთს ეხება, რომელიც ეხება დავით გარეჯის კომპლექსს და დაუშვებელია, რომ დავით გარეჯის კომპლექსის გახლეჩვა მოხდეს,“ - განაცხადა პოლიტიკურ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა, ნინო კალანდაძემ.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

 

დღის ამბები