22 ოქტომბერი 2020,   20:16
ვრცლად
"წინასწარი მონაცემებით, იკვეთება რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალპროფესიონალურ დონეზე" - გია ვოლსკი დავით გარეჯის შესახებ   

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთზე, 2006-2007 წლებში დაშვებული სავარაუდო შეცდომების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის დასკვნას ელოდებიან, მართლაც მოხდა თუ არა სახელმწიფო შეთანხმება აზერბაიჯანთან, რითაც ქვეყნის ინტერესები დაირღვა.  

"დავით გარეჯთან დაკავშირებით ინფორმაცია ისევე არის ჩვენთვის ცნობილი, როგორც განცხადებული იყო პროკურატურის მიერ და წინასწარი მონაცემებით, იკვეთება რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალპროფესიონალურ დონეზე, ისე რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები. მაგრამ, ჩემი მოსაზრება, ჩემი ოპონენტების მოსაზრება, აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები, რასაკვირველია, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ბუნებრივია რომ საგამოძიებო ორგანოს კითხვები გაუჩნდა, ხომ არ მოხდა რაიმე ტიპის ქმედება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

"ყველა შეთანხმება მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ამიტომ ბუნებრივად გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოებს კითხვა, ხომ არ იყო აქ რაიმე მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. არსებობს რუქა, რომლითაც დასტურდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ამ რუკის არც მოძიება მომხდარა და რიგ შემთხვევებში, ეს რუკები  დაკარგულია, დამალულია თუ ამის სურვილი არ ჰქონდათ რომ გამოეყენებინათ, ესეც ეჭვებს აჩენს. ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა, მიზანი არის არა ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ტერიტორიები წავართვათ, არამედ ჩვენი მიზანია სამართლიანად დადგინდეს ის, რაც 98 წლის შეთანხმებაში იქნა მიღწეული,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

 

 

დღის ამბები